დღე, რომელიც ტაძრისკენ მიმავალი გზით იწყება ხელით მოქარგული სიყვარული

26 მაისი-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის განსაკუთრებულად გამორჩეული ზეიმია. მათთვის ეს თარიღი შორს დარჩენილ სამშობლოსთან, ოჯახსა და მეგობრებთან ასოცირდება. გამონაკლისი არც იტალიაში მცხოვრები მარეხ მახათაძეა, რომელსაც ახლა გაგაცნობთ.
Sputnik
როგორც ქართველი ქალბატონების უმრავლესობას, ტრადიციული ხელსაქმე სირთულეების გადალახვაში მასაც ეხმარება. ბავშვობის მოგონებები და ბებიებისგან ნასწავლი ხელსაქმე უცხო მიწაზე თავისებური შვებაა. ისინი მათ შორეულ ქვეყანაშიც აძლიერებს და ცხოვრებას ულამაზებს.
- ქალბატონო მარეხ, როგორია თქვენი ცხოვრების ამბავი?
- ჩემი ამბავი ასეთია: ჩვენ იმერეთის რეგიონიდან ვართ. ჩემი ბავშვობა ზღაპარს ჰგავდა. თბილისშიც რომ ვცხოვრობდი, მუდამ ჩემი კუთხის ნოსტალგია მქონდა და აქ ხომ საერთოდ ძალიან გამიძლიერდა ეს გრძნობა. მიუხედავად ლაღი და უზრუნველი ბავშვობისა, მამამ, რომელსაც საკმაოდ დუხჭირი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, მე და ჩემი და შრომას თავიდანვე მიგვაჩვია.
მარეხი მახათაძე
- როგორ დაიწყო თქვენი ცხოვრება ემიგრაციაში?
- თავის დროზე ქუთაისის ბიო-ეკოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იმ ქვეყნის ემიგრანტი გავხდებოდი, რომელსაც შორიდან ვეთაყვანებოდი როგორც ხელოვნების და კულტურის უდიდეს კერას. ემიგრაციაში როცა ჩამოვედი აქ დამხვდნენ ახლობელი ადამიანები და მათი გვერდში დგომით ასე თუ ისე დავძლიე ის პრობლემები, რასაც ენის ბარიერი, იტალიური სამზარეულო და უცხო ოჯახთან შეგუება ჰქვია.
- ვინ დაგაინტერესათ და შეგასწავლათ ხელსაქმე?
- ხელსაქმით და სამზარეულოთი დაინტერესება მამიდას დამსახურებაა. წლების შემდეგ ეს საქმე ჩემი ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო და არსებობის ერთადერთი საშუალება გახდა. ოჯახის უღელში ნაადრევად შევები. მიხარია, რომ ხელოვნების ნიჭი და სიყვარული ჩემს შვილსაც გამოყვა. ის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, ძალიან კარგად ხატავს და წარმატებულია. ძალიან მინდა, რომ თავისი ნიჭის რეალიზებაში დავეხმარო.
მარეხი მახათაძის შემოქმედება
- ვიცი, რომ პრობლემების გადალახვაში თქვენც რწმენა დაგეხმარათ...
-საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ ჯერ დედაჩემი გახადა ემიგრანტი, შემდეგ, ჩემი მეუღლე. ამ ყველაფრის გადასატანად ეკლესიას შევაფარე თავი და ჩემი სულიერი მდგომარეობის გადარჩენა მას მივანდე. ეკლესიის წიაღში შევიძინე უამრავი მეგობარი, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემ ცხოვრებაში.
- როგორია თქვენი ოცნება?
- სამომავლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ საქართველოში იტალიური კვების ობიექტი გავხსნა და აქ შეძენილი ცოდნა-გამოცდილება ამ საქმეში ჩავდო და გამოვიყენო. კიდევ, დიდი სურვილი მაქვს, რომ მოვაწყო ჩემი ნაქარგების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხის ნაწილი გადავრიცხო საქველმოქმედო ფონდში "საქართველოს ცის ქვეშ", რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
- მადლიერების გრძნობა ალბათ ყველა სიკეთის სათავეა...
- მართლაც ასეა, მადლობელი ვარ უფლის, რომ აქაც, უცხო მიწაზეც, ჩემი ყოველი თავისუფალი დღე წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ მიმავალი გზით იწყება. სწორედ ეს მაძლევს უდიდეს ძალას და ენერგიას შემოქმედებითი წინსვლისკენ. საერთოდ, რაც უნდა კარგად ვგრძნობდე თავს სხვაგან, ჩემი ქვეყნის ერთი გოჯი მიწა მირჩევნია სხვა ქვეყნის სიმდიდრეს...
ნინო მამულაშვილი