კალაძემ ვარკეთილში განახლებული პარკი გახსნა - ვიდეო

პარკი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გათვლილია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.
Sputnik
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში 3,5 ჰექტარის ფართობის მქონე განახლებული პარკი გახსნა.
პარკის მოწყობის სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
თბილისის მერმა შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და განაცხადა, რომ პარკში ყველა თაობის ადამიანისთვის არის განკუთვნილი ადგილი დასვენებისთვის, გართობისა და განტვირთვისთვის.

„მეამაყება ის, რომ დაპირება, რაც მოსახლეობას მივეცით, შევასრულეთ. ეს არის ჩვენი მიდგომა, დამოკიდებულება, თუ როგორია დედაქალაქის განვითარება; როგორ წარმოგვიდგენია ხვალინდელი თბილისი – უფრო მწვანე, უფრო კეთილმოწყობილი, განვითარებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს არის ჩვენი სიყვარული და პატივისცემა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანების მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას აღნიშნული სივრცის მოფრთხილებისა და დაცვისკენ მოუწოდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსი და მწვანე ნარგავები შენარჩუნდა, შეიქმნა თანამედროვე რეკრეაციული სივრცე, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებადაა დაყოფილი.
პარკის ტერიტორია შეივსო ახალი მწვანე ნარგავებით, დაირგო 1.191 ძირი ხე, 13.930 ძირი ბუჩქი და 14.193 ბალახოვანი მცენარე.
ასევე პარკის ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტპარკი, ველობილიკი, გადმოსახედი ბაქანი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე. განახლდა არსებული საფეხმავლო ხიდი და მდელოს სახით გაჩნდა საპიკნიკო არეალები.