თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ტელეფონით ისაუბრეს, რა დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე შეეხნენ უკრაინაში არსებულ ვითარებას.
როგორც კრემლის პრეს-სამსახური წერს, ლიდერების საუბრისას „მინიშნებული იყო კიევის საბოტაჟზე რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების პროცესში“.
გარდა ამისა, მხარეებმა ასევე განიხილეს სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. რუსეთის ლიდერის თქმით, იმის მცდელობები, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებაში სირთულეებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისროს, უსაფუძვლოა.
„დაწვრილებით იყო განმარტებული ამ პრობლემების რეალური მიზეზების შესახებ, რომლებიც, მათ შორის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ანტირუსული სანქციების გამო წარმოიშვა“, — ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ლიდერები შეეხნენ გაზის მიწოდების საკითხსაც. როგორც ნეჰამერმა განუცხადა მედიას, პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის საკონტრაქტო ვალდებულებას ავსტრიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ.
გარდა ამისა, კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ის დაარწმუნა, რომ მზადაა, აქტიურად განიხილოს უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი.
„თუმცა, ნამდვილად არის თუ არა ის მზად მოლაპარაკებებისთვის — ძნელი სათქმელია“, — დაამატა ავსტრიის კანცლერმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტ პუტინის თქმით, ეს არის „სპეცოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესეს. 24 თებერვლიდან დღემდე უკვე მიღებულია სანქციების ხუთი პაკეტი.