ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ფასები დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ

Sputnik
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოში ფასები არ გაიზარდოს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, მთავრობა ასევე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა შენარჩუნდეს დასაქმების მაჩვენებელი და სამუშაო ადგილები.
დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური გუნდისთვის მთავარი პასუხისმგებლობა მოსახლეობისთვის ნორმალური საარსებო გარემოსა და ეკონომიკური პირობების შექმნაა.

„ინფლაციაზე დიდწილად მოქმედებს ორი რამ: ეს არის საკვები პროდუქტები და საწვავი. საწვავთან დაკავშირებით, პრემიერის ინიციატივით, მოკვლევა გააკეთა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა და კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ, რომ დეტალურად გაგვეანალიზებინა მიწოდების ყველა რგოლი“, – აღნიშნა მინისტრმა.

დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ხელი შეუწყო იმას, რომ ქვეყანაში მოწოდების სხვა წყაროებიდან შემოსულიყო ალტერნატიული საწვავი, რის შედეგადაც ფასებმა კლება დაიწყო, განსაკუთრებით, არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე.