თბილისი, 27 მაისი — Sputnik. უკრაინის ვებ-გვერდმა „მიროტვორეცმა“ („მშვიდობისმყოფელი“) თავის ბაზაში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, 99 წლის ჰენრი კისინჯერი შეიყვანა უკრაინის წინააღმდეგ „რუსეთის სპეციალურ საინფორმაციო ოპერაციაში მონაწილეობისთვის“.
„მიროტვორეცი“ უკრაინის ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულთა ნიშნების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის კვლევის ცენტრის ინტერნეტ-წარმომადგენლობაა. მის მონაცემთა ბაზაში ჩართვა ზოგჯერ ქვეყანაში შესვლის აკრძალვის მიზეზი ხდება.
მონაცემთა ბაზაში კისინჯერი მოხსენიებულია როგორც „უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების დანაშაულების თანამონაწილე“.
ვებ-გვერდის მიხედვით, კისინჯერი, „უკრაინის ტერიტორიის შეკვეცის სანაცვლოდ ავრცელებდა რუსული პროპაგანდისა და შანტაჟის ნარატივებს“.
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა მანამდე უკრაინას მოუწოდა, წავიდეს დათმობებზე რუსეთთან და შეწყვიტოს უკრაინაში რუსული ძალების „გამანადგურებელი დამარცხების“ მცდელობა. მისი აზრით, დასავლეთმა უნდა მოახდინოს გავლენა უკრაინაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყოფითად შეაფასა ჰენრი კისინჯერის განცხადება. მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს მათ – „რუსეთს უკრაინის ნაჭერი მივცეთ“.
„მიროტვორეცის“ განცხადებით, საუბარია უკრაინის ტერიტორიებზე — „მინიმუმ 24 თებერვლის მდგომარეობით, მაქსიმუმ — დონეცკის, ლუგანსკისა და მთელი სამხრეთის, ოდესის ჩათვლით“.
„მიროტვორეცის“ სიაში მანამდე ასევე შევიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, როგორც „ანტიუკრაინული პროპაგანდისტი“.