მსოფლიო დღეს

შენობების გასაგრილებლად შეიქმნა სპეციალური ქაფი, რომელიც კონდიციონერებს შეცვლის

Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გერმანელმა და ჩინელმა მეცნიერებმა ხის ცელულოზის ნანოკრისტალებისგან სპეციალური ქაფი შექმნეს შენობების გასაგრილებლად, იუწყება სამეცნიერო ჟურნალი EurekAlert.
სწავლულების თქმით, ამ გამოგონების გამოყენება შესაძლებელია ცხელი კლიმატის რეგიონებში, სადაც მოსახლეობა საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს საცხოვრებლების გასაგრილებლად.
თუ ქაფს სახლის სახურავსა და გარე კედლებზე დაიტანთ, ის 35,4%-ით შეამცირებს შენობების გაგრილებისთვის საჭირო ელექტროენერგიას.
ქაფი ირეკლავს ხილული სინათლის 96%-ს და ამავდროულად შთანთქავს სითბოს 92%-ს.
ქაფი არის მსუბუქი, თეთრი ფერის და ეფექტურად ინარჩუნებს სიგრილეს. მასალის თვისებები დადასტურდა მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით: ქაფი ალუმინის ფოლგით დაფარულ ყუთში მოათავსეს და ცხელ ამინდში მზეზე აიტანეს. ქაფის წყალობით ყუთში ტემპერატურა 9 გრადუსით დაბალი იყო, ვიდრე გარეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ცელულოზის შეკუმშვასთან ერთად ქაფის გაგრილების უნარი მცირდება, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ქალაქების გადახურების აღმოსაფხვრელად. ეს არის პრობლემა, რომელზეც ახლა ბევრს მუშაობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მაგალითად, ავსტრალიაში ამისთვის უკვე აქტიურად გამოიყენება ამრეკლავი სახურავები. გარდა ამისა, ქვეყანაში აიკრძალა მუქი სახურავებით სახლების გადახურვა.