უმარტივესი მეთოდი ვაშლიდან პესტიციდების სრულად გამოსადევნად: ამერიკელი მეცნიერების რჩევა

Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ვაშლი სრულად გაირეცხება ჭუჭყისა და პესტიციდებისგან, თუ 15 წუთით ჩადებთ სოდიან წყალში, წერენ სამეცნიერო სტატიის ავტორები Journal of Agricultural and Food Chemistry-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

„პესტიციდების გამოყენება მოსავალს ზრდის, მაგრამ ამ შხამის მცირე ნაწილი ხილისა და ბოსტნეულის ზედაპირზეც რჩება და ხშირად მის რბილობშიც აღწევს, შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში ხვდება. გამომდინარე აქედან, ისმება კითხვა: როგორ მოვაშოროთ პესტიციდები სოფლის მეურნეობის პროდუქციას“, – ამბობს აშშ-ის ამჰერსტის პესტიციდების ანალიზის ლაბორატორიის თანამშრომელი ლილი ჰე.

ფერმერები მოსავალს მავნებლებისგან დაცვის მიზნით წამლავენ პესტიციდებით. ამიტომაცაა დაუშვებელი პირდაპირ ბაღიდან ან ბაღჩიდან მოკრეფილი ხილისა თუ ბოსტნეულის ჭამა.
შესაწამლი ნივთიერებების მწარმოებელი ფირმები და თავად ფერმერებიც ირწმუნებიან, რომ ხილისა და ბოსტნეულის ზედაპირზე დარჩენილი პესტიციდების მოშორება სახლის პირობებში ძალიან მარტივად შეიძლება მისი გაწმენდითა თუ წყალში გავლებით. საწარმოებში კი მათ „სპეციალური ქლორით“ რეცხავენ, რაც პესტიციდებსაც აშორებს და მიკრობებსა და სოკოსაც ანადგურებს.
პრიალა ვაშლი: ფრთხილად, ეს სახიფათო სილამაზეა!
ლილი ჰე და მისი კოლეგები დაინტერესდნენ, ნამდვილად ეფექტურია თუ არა ეს „სპეციალური ქლორი“. ამის შესამოწმებლად მეცნიერებმა შეიძინეს „გალას“ ჯიშის ვაშლი და ორი ტიპის შესაწამლი ნივთიერება: ტიაბენდაზოლი — სოკოსთან და მრგვალ ჭიებთან ბრძოლის საშუალება, და ფტალოფოსი — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსექტიციდი. შემდეგ ორივე ეს ნივითიერება ვაშლს შეასხურეს და სამი მეთოდით სცადეს მათი გარეცხვა: ჩვეულებრივი წყლით, სოდიანი ხსნარითა და „სპეციალური ქლორის“ იმ სახეობით, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ამერიკელი ფერმერები.
ექსპერიმენტის ბოლოს გაირკვა, რომ საუკეთესო საშუალება ვაშლის პესტიციდებისგან გასაწმენდად არის სოდიანი წყალი.
ამ მხრივ მას ძვირადღირებული „სპეციალური ქლორიც“ ჩამორჩება და, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი წყალიც. ვერც „სპეციალურმა ქლორმა“ და ვერც ჩვეულებრივმა წყალმა ვერ მოაშორა ვაშლს რბილობში 0,2 მმ-ზე მეტ სიღრმეზე შეღწეული პესტიციდები.
გამომდინარე აქედან, სწავლულები გვირჩევენ ჩავალაგოთ ვაშლი ჭამის წინ სოდიან წყალში და 15 წუთით დავაყოვნოთ. ეს სრულიად საკმარისია ხილში შეღწეული პესტიციდების ყველა მოლეკულის გასანადგურებლად, რაც ხილს აბსოლუტურად უსაფრთხოს გახდის.