საქართველოში ყველა სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდება

სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი სხვა ლოგო – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
Sputnik
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში გასაყიდად განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2023 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ყველა სიგარეტისთვის სტანდარტიზებული შეფუთვის შექმნას.
ახალი სტანდარტების მიხედვით, სიგარეტი თაროებზე გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც იქნება ბრენდის დასახელება სახელმწიფო ენაზე, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.
ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“.
ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.
თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.
თავად სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.
თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წლის მაისში ამოქმედდა და დღემდე მკაცრდება.