პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა

Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სამედიცინო მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, ამ ეტაპზე არ გამოვლენილა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
გუშინ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად სამკურნალოდ არის მოთავსებული, გონება დაკარგა.

საკითხის შესწავლის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას დაუკავშირდა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 25 მაისს, 01:31 საათზე სააკაშვილთან მორიგე ექიმი გამოიძახეს, რომელსაც მსჯავრდებულმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ – „დაკარგა გონება“.

„ჩატარებული კვლევების საფუძველზე გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი. კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა სასიცოცხლო პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები – ნორმის ფარგლებშია.
„დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ, მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღის განმავლობაში მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური. ჩაუტარდა გეგმური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობას 12 მაისიდან გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.