საქართველო და სომხეთი მედიისა და მედიაწიგნიერების სფეროში ითანამშრომლებენ

სომხეთის კომისიის ხელმძღვანელობა თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების კომისიასა და სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიას შორის მედიისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
სომხეთის კომისიის ხელმძღვანელობა თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ორი ქვეყნის მარეგულირებლები მაუწყებლობის რეგულირების სფეროსა და მედიაწიგნიერების მიმართულებით ორმხრივ შეხვედრებზე, კონსულტაციებზე, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ექსპერტულ დახმარებაზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს.

დოკუმენტს ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან ჰაკობიანმა მოაწერეს.
მხარეები ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების შესახებ დირექტივის ფარგლებში არსებული კანონისა და რეგულაციების მიხედვით კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს კომისიის წარმომადგენლებმა კოლეგებს აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის პროექტები, საქმიანობა და გეგმები გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში ჰაკობიანი ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვია და ტელეარხის საქმიანობას გაეცნო.
წყარო - კომუნიკაციების კომისია