რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - ქარსელაძე

ახალი გზა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, განახლებული გზის ზოგიერთი მონაკვეთი 2022 წელს გაიხსნება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას.
რიკოთის უბანზე საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში სულ აშენდება 51,6 კმ-მდე სიგრძის ოთხზოლიანი მაგისტრალი, რომელიც გააერთიანებს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. სამუშაოები პარალელურად 88 ხიდსა და 48 გვირაბზე მიმდინარეობს. მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე ოთხ უბნად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევი – 11,6 კმ, ხევი-უბისა – 12,2 კმ, უბისა-შორაპანი – 13 კმ და შორაპანი-არგვეთა – 14,7 კმ.

„რიკოთის პირველი ორკილომეტრიანი მონაკვეთი 2021 წელს გავხსენით, ხელშეკრულების შესაბამისად, მისი დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა 2022-2023 წლებში ეტაპობრივად დასრულდება. კონკრეტული მონაკვეთების გახსნა წელსვე გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

ამ დროისათვის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სიჩქარე გაორმაგდება. სამშენებლო სამუშაოებზე 4 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, აქედან 68% საქართველოს მოქალაქეა.
რიკოთის გზა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი იქნება. პროექტის ღირებულებაა 2,6 მლრდ ლარი.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.