მსოფლიო დღეს

NYT: აშშ ტაივანს ჩინეთის შეჭრისგან თავდაცვის მიზნით აიარაღებს

Sputnik
თბილისი, 25 მაისი − Sputnik. შეერთებული შტატები ტაივანის თავდაცვის სისტემის რესტრუქტურიზაციას ცდილობს და ამაში უკრაინის იარაღით აღჭურვის გამოცდილებას ითვალისწინებს, წერს New York Times წყაროებზე დაყრდნობით.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 23 მაისს იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, სამხედრო მონაწილეობა მიიღოს ტაივანის დაცვაში.
მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ბაიდენი ამაში კუნძულის დაცვისთვის იარაღის მიწოდებას გულისხმობდა.

„მიზანია ტაივანის, როგორც ზოგი ოფიციალური პირი უწოდებს, „პორკუპინას“ (მაჩვზღარბა - რედ.) ისეთ ტერიტორიად გადაქცევა, რომელიც სავსეა შეიარაღებით და აშშ-ის მხარდაჭერის სხვა ფორმებით, და რომელზე თავდასხმაც ძალიან მტკივნეულია“, − წერს გაზეთი.

როგორც გამოცემა ირწმუნება, ვაშინგტონი აპირებს გაზარდოს თავისი სამხედრო ყოფნა რეგიონში, რათა შეაჩეროს „პოტენციური თავდასხმა“ ტაივანზე ჩინეთის მხრიდან, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია ჰყავს.
გაზეთის ანონიმი წყაროების თქმით, ტაივანის თავდაცვის სისტემის ყოვლისმომცველი რესტრუქტურიზაციისა და რესპუბლიკაში ამერიკელი სამხედროების ყოფნის გაფართოების მიზეზად უკრაინაში კონფლიქტი იქცა, რამაც ამერიკელ ოფიციალურ პირებს აჩვენა შედარებით მცირე შეიარაღებული ძალების უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დიდი არმიის მასშტაბურ სამხედრო ოპერაციებს.
NYT-ის წყაროების თანახმად, ნაწილობრივ აღიარებული ტაივანის ტერიტორიაზე თავისი ყოფნის გაზრდით შეერთებული შტატები ცდილობს „ფაქიზი ზღვარი გაავლოს შეკავებასა და პროვოკაციას შორის“. მათი განმარტებით, აშშ-ის მთავრობა აპირებს ჩინეთთან პოტენციურ კონფლიქტში მიაწოდოს ტაივანს სადაზვერვო მონაცემები, ასევე მიჰყიდოს გამანადგურებელი თვითმფრინავები F-16, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და საბრძოლო დრონები.
მანამდე ტაივანის თავდაცვის მინისტრმა კიუ გუოჟენგმა განაცხადა, რომ თუ პეკინსა და ტაიბეის შორის ომი დაიწყება, ის ორივე მხარისთვის ტრაგედიით დამთავრდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომი არავის უნდა“.
ჩინეთის ხელისუფლებამ „მტკიცედ გააპროტესტა“ შეერთებული შტატების განზრახვა და ვაშინგტონს „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ პრინციპების დაცვის ვალდებულება შეახსენა, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები არ ცნობს ტაივანს და არ აქვს მასთან დიპლომატიური ურთიერთობები.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აცხადებს, რომ „ერთი ჩინეთის“ პრინციპი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების ერთ-ერთი პოლიტიკური საფუძველია და აშშ-ის მიერ ტაივანთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა საფრთხეს უქმნის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. პეკინის თქმით, შეერთებულმა შტატებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არაერთხელ სცადა „ტაივანის კარტის“ გათამაშება, არღვევდა რა ტაივანის საკითხზე ნაკისრ ვალდებულებებს და „სეპარატისტულ ძალებს არასწორ სიგნალებს უგზავნიდა“, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში.