მკვლელობა ხაშურში: პროკურატურამ დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გამოძიება დაკავებულს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარებას ედავება.
შემთხვევა სოფელ ხცისში 21 მაისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 34 წლის გიორგი ბლიაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 57 წლის ჯემალ პაპუაშვილს, რომელიც მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ხაშურში 57 წლის მამაკაცი მოკლეს >>
სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 108-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - საქართველოს პროკურატურა