მსოფლიო დღეს

პენტაგონში მიაჩნიათ, რომ შვედეთი და ფინეთი თურქეთთან შეთანხმებას შეძლებენ

Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე კეტლინ ჰიქსი მიიჩნევს, რომ შვედეთი და ფინეთი შეძლებენ თურქეთთან მოლაპარაკებას ნატოში გაწევრიანების შესახებ.

„ჩვენ გვჯერა, რომ ფინეთი და შვედეთი შეძლებენ, უშუალოდ მოაგვარონ უთანხმოება თურქულ მხარესთან“, — აღნიშნა ჰიქსმა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან ბიორნ არილდ გრეჰემთან ოსლოში შეხვედრის დროს.

მანამდე ფინეთმა და შვედეთმა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი გადასცეს. როგორც გაზეთი Financial Times წერდა, თურქეთმა განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება დაბლოკა.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის თქმით, ანკარას არ შეუძლია თქვას „დიახ“ ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, რადგან არ სჯერა მათი განცხადებებისა, რომ ამ ქვეყნებს არანაირი ურთიერთობა არ აქვთ ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებთან (აკრძალულია თურქეთში).
რუსეთმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატო კონფრონტაციას ისახავს მიზნად. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვის თქმით, ალიანსის შემდგომი გაფართოება ევროპას უფრო დიდ უსაფრთხოებას არ მოუტანს. თუმცა ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ არ მიაჩნია. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მისი თქმით, ფინეთის მხრიდან ტრადიციულ სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე უარის თქმა „მცდარი იქნებოდა, რადგან მის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება“.