შიდა ქართლში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა შიდა ქართლში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 57 წლის მამაკაცს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. პოლიციამ პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.