საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამწლიანი პაუზის შემდეგ აუქციონზე დოლარი შეიძინა

ეროვნულმა ბანკმა ვალუტა 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველად იყიდა.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. სამშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი იყიდა, ხოლო ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ აუქციონზე 2,8689 GEL/$1 შეადგინა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,8668 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
ეროვნულმა ბანკმა ვალუტა 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველად იყიდა. აქამდე რეგულატორი ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურების მიზნით დოლარებს მხოლოდ ყიდდა.
კერძოდ, 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს რეგულატორმა მხოლოდ ერთი აუქციონი გამართა, რომელზეც 39,57 მლნ დოლარი გაყიდა.
რამდენ ხანს გაგრძელდება ლარის გამყარება: ექსპერტის პროგნოზი >>
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ ბოლო პერიოდის გაუფასურება 1 მარტიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს 10 მარტისთვის მიაღწია – 3,4 GEL/$1. შემდეგ ლარის გამყარება დაიწყო, ამ პერიოდში ლარის ზრდამ დოლარის მიმართ 15,7% შეადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.