მსოფლიო დღეს

ერდოღანმა თურქეთის საზღვრებთან ანტიტერორისტული ოპერაციები დააანონსა

Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თურქეთის შეიარაღებული ძალები ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებას გეგმავს ქვეყნის სამხრეთ საზღვრებთან, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ხუთშაბათს, 26 მაისს მიიღებენ.

„ჩვენ გავნაგრძობთ ჩვენი საზღვრების დაცვას მიმდინარე თავდასხმების ფონზე. მალე ჩვენს საზღვრებზე ახალი ოპერაციები დაიწყება, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული იქნება უშიშროების საბჭოს სხდომაზე“, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.

როგორც ერდოღანმა დააზუსტა, ოპერაციის დაწყება მაშინ იგეგმება, როგორც კი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ასევე დაზვერვისა და უსაფრთხოების ძალები სამხედრო ოპერაციებისთვის მზად იქნებიან.
სამხედრო ოპერაცია თურქეთის სამხრეთ საზღვრებიდან 30 კილომეტრში, სირიისა და ერაყის საზღვარზე განხორციელდება. სწორედ ამ ნაწილშია კონცენტრირებული ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) შტაბ-ბინა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
თურქეთი ხშირად აწარმოებს ანტიტერორისტულ ოპერაციებს PKK-ს წინააღმდეგ. ბოლო ოპერაცია აპრილის შუა რიცხვებში განხორციელდა ერაყელი ქურთების წინააღმდეგ. მაშინ თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთის სამ რეგიონს — მეტინას, ზაპსა და ავასინ-ბასიანს გაუხსნა ცეცხლი. ოპერაციაში ქვეყნის საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ. მათ შეუტიეს ქურთების თავშესაფრებს, საბრძოლო მასალის საცავებსა და შტაბებს.