თბილისი, 23 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს, შეადგინონ ზუსტი სია, თუ რა არ გააკეთა ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად.
სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას მისი პოზიციის გამო – არ დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში ჯარის შეყვანის გამო.
მმართველი პარტია გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ სანქციებისგან დაზარალდება თავად საქართველო, ხოლო ოპოზიციონერებს ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.
„მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას და მათ ლობისტებს, დაწერონ თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ და რა არ გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მსგავს ერთ ფაქტსაც ვერ დაწერენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გარდა ერთისა – ომში ქვეყნის ჩათრევისა“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი დაიცვა.
„ისინი შეიძლება უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ ჩვენ ქვეყანა ომში არ ჩავაბით. მაგრამ არ შეუძლიათ ამის შესახებ ღიად საუბარი. მათ ეს სურთ, მაგრამ ხმამაღლა ამას არ ამბობენ“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინას ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩვენ ვეხმარებით უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს. ამასთან დაკავშირებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენ ყველა სფეროში, ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე უკრაინას პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა. მოგვიანებით ეს მოწოდება უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გაიმეორეს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
რაც შეეხება უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციას, საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ.
კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.