თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას ნატო–საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო. მინისტრი ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს დეტალურად გაეცნო და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა.
სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულებისაა, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული.
მინისტრის განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.
საქართველოში სამხედრო ქარხანა „დელტას“ ისტორია სათავეს 60-იანი წლების დასაწყისიდან იღებს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.