საქართველოში არქიტექტორები და მშენებლები დააჯილდოვეს

წოდებები მიენიჭათ ქართული არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს 13 წარმომადგენელს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებები მიენიჭა.
შესაბამისი საპატიო სიგელები და მედლები მათ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადასცა.
სხვებთან ერთად დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭა საქართველოს კულტურის სამინისტროს მთავარ არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძეს.

„ტარიელ კიპაროიძემ ეს წოდება მიიღო ქართული არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

კიპაროიძის პროექტით აშენებულ ობიექტებს შორის აღსანიშნავია ნარიყალაზე აღმართული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.
საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება ასევე მიენიჭათ:
ნოდარ ამაშუკელს;
ვასილ ქობულიას;
კახა ქორიძეს;
დიმიტრი მოსულიშვილს;
ზურაბ ჯალაღანიას.
საქართველოს მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება მიენიჭათ:
ვახტანგ ტურაშვილს;
კორნელი სართანიას;
ნაპო თოდუას;
გია კახიანს;
ნოდარ მსხალაძეს;
კოტე მარკოზაშვილს;
თამაზ ხმელიძეს.
ნარიყალა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროში მოღვაწე იმ პირებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი და თავი გამოიჩინეს არქიტექტურის, ქალაქმშენებლობის და სამშენებლო დარგის განვითარების საქმეში, ყოველწლიურად ანიჭებს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებას.
2022 წელს არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროში მოღვაწე პირების კანდიდატურები „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებების მისანიჭებლად წარმოადგინეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ, საქართველოს მშენებელთა ფედერაციამ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და ბიზნეს-ასოციაციამ.
წყარო - ეკონომიკის სამინისტრო