თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს მოუწოდა, „მნიშვნელოვანი კონტაქტები“ დაამყაროს უკრაინის კრიზისში ჩართულ ქვეყნებთან.
ბელარუსის ლიდერის გუტერეშისადმი მიმართვას სახელმწიფო სააგენტო BelTA ავრცელებს.
„ბელარუსის პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო უგულებელყო გაეროს როლი კონფლიქტის მოგვარების საქმეში. კერძოდ, ის მიესალმა გაეროს გენერალური მდივნის ბოლო შეხვედრებს კიევსა და მოსკოვში და იმავდროულად მოუწოდა გაეროს ხელმძღვანელს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყაროს კონფლიქტში ჩართულ სხვა მხარეებთან — შეერთებულ შტატებთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
გარდა ამისა, ლუკაშენკომ ასევე მოუწოდა ქვეყნებს, გაერთიანდნენ, რათა თავიდან აიცილონ „ევროპაში რეგიონული კონფლიქტის სრულმასშტაბიან მსოფლიო ომში“ გადასვლა.
„ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე უკვე დღეს შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება: თავი შევიკავოთ იარაღის მიწოდებისგან, საინფორმაციო ომისა და პროვოკაციებისგან, მედიაში სიძულვილის ენის გაღვივებისგან, რასიზმისა და დისკრიმინაციის წახალისებისგან ეროვნული, კულტურული, ენობრივი და რელიგიური ნიშნით, დაქირავებული ჯარისკაცების ლეგალიზაციისა და გაგზავნისგან“, — ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს სოჭში დღეს, 23 მაისს შეხვდება. მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში გაიმართება, როგორც პრეზიდენტები მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამიტზე შეთანხმდნენ.