თბილისი, 23 მაისი — Sputnik. სოჭში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა პირისპირ ფორმატში, როგორც ეს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამიტზე იყო შეთანხმებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ცალკე შეხვედრა გამართულიყო აქ, სოჭში, რადგან გარემოებები სერიოზულ, ღრმა საუბარს მოითხოვს. ვგულისხმობ ყველაფერს, რაც ეხება რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებასა და ყველაფერს, რაც ეკონომიკას უკავშირდება“, — განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი სანქციებს „მეტად ღირსეულად უმკლავდება, რასაც ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი მოწმობს“.
ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, თავის მხრივ, არსებულ ვითარებას „შესაძლებლობების დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა „გაუცნობიერებლად აიძულეს“ რუსეთი და ბელარუსი, რომ „უფრო ინტენსიურად დაკავებულიყვნენ თავიანთი ეკონომიკებით“.
როგორც რუსეთის ლიდერმა განაცხადა, ბელარუსთან საკავშირო სახელმწიფო იქნება შემდგომი განვითარების საფუძველი. ეს პროცესი, მისი თქმით, მიმდინარეობს „მშვიდად, ყოველგვარი აჩქარების გარეშე“. საკვანძო სფეროებს შორის მან გამოყო სამრეწველო კოოპერაცია, ასევე თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორსა და სოფლის მეურნეობაში.
საგარეო საფრთხეებზე საუბრისას ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი სიფრთხილით ეკიდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქმედებებს.
„ნატოს წევრები [ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფოს] დასავლეთ საზღვრებზე ჯარებს უყრიან თავს, არის მოულოდნელობებიც უკრაინაში. ეს ჩვენც გვაღელვებს და თქვენც. პოლიტიკოსები დგამენ ნაბიჯებს უკრაინის დასაშლელად“, — აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, „პოლონელებიცა და ნატოელებიც მზად არიან დაეხმარონ დასავლეთ უკრაინის წაღებას, როგორც ეს 1939 წლამდე იყო“.
ბელარუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინელებს მაინც მოუწევთ სთხოვონ მათ, „არ დაუშვან დასავლეთ ნაწილისა და სხვა ნაწილების უკრაინისგან მოგლეჯვა“.