თბილისი, 23 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ამჟამად იაპონიაში იმყოფება ვიზიტით, მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას და იაპონიის სწრაფვას, გახდეს საბჭოს მუდმივი წევრი, იუწყება ტელეარხი NKH.
ტელეარხის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან მოლაპარაკების დროს განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს რეგიონში ჩინეთის გაძლიერებაზე, ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის გამოცდასა და რუსეთის „სამხედრო ოპერაციაზე“ უკრაინაში.
ჯო ბაიდენი იაპონიაში ვიზიტით 23 მაისს ჩავიდა. პრემიერ კიშიდასთან მოლაპარაკების დაწყებამდე იგი ასევე შეხვდა იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს.
ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი ხუთ ქვეყანას აქვს: რუსეთს, აშშ-ს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს. უშიშროების საბჭოში ასევე შედის 10 არამუდმივი წევრი, რომლებიც ორი წლით ირჩევიან. გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლო რეფორმის, მათ შორის, მუდმივი წევრების შემადგენლობაში ცვლილებების განხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ფონზე დაიწყო.