თბილისი, 23 მაისი – Sputnik. თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში როინ მებონიამ მეუღლეს სოფო კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს.
„სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდება და დანაშაულებრივი ქმედება, მეუღლის მიმართ მკვლელობა, ორივე შემთხვევაში – ბრალდებული შერაცხადია თუ შეურაცხადი, არსებობს დანაშაულის გაგრძელების საფუძველი“, – განაცხადა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა.
მოსამართლის თქმით, ადვოკატიც მომხრე იყო პატიმრობის შუამდგომლობის.
როინ მებონიას ბრალდება გუშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა–109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მებონიას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც ადრე მისმა ადვოკატმა სულხან კომახიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ უარყოფს და ნანობს დანაშაულს.