თბილისი, 23 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აჭარის პოლიციის დანაყოფებს ახალი, სედანის ტიპის 32 ავტომობილი გადაეცა ჰიბრიდული ძრავით.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზანია პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა. ჰიბრიდული ავტომობილების ძირითადი უპირატესობა საწვავზე ხარჯების ეკონომიაა.
„ავტომობილების საერთო რაოდენობიდან 25 საპატრულო პოლიციისთვისაა განკუთვნილი. ავტოპარკის განახლების შემდეგ ბათუმსა და ქობულეთში საპატრულო პოლიციის მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილები იმოძრავებენ. ახალი, ჰიბრიდულძრავიანი 7 მანქანა ასევე გადაეცა კრიმინალური პოლიციის დანაყოფებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ბათუმი და ქობულეთი საქართველოში პირველი დასახლებული პუნქტები გახდება, სადაც თანამედროვე საპოლიციო ჰიბრიდული ტრანსპორტი მთლიანად ჩაანაცვლებს მხოლოდ საწვავზე მომუშავე ავტომობილებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ახალი საპოლიციო ტრანსპორტი არის ეკონომიური, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, კერძოდ, საწვავისა და სერვისის ხარჯი. ამავდროულად ახალ ავტომობილებს მინიმალური გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია.
მინისტრი ავტომობილების ტექნიკურ მონაცემებს და შესაძლებლობებს ბათუმის ქუჩებში რეალურ პრაქტიკულ პირობებში პირადად გაეცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად ანახლებს ავტოპარკს. გასულ წელს პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ავტომობილით განახლდა. აჭარის შემდეგ ახალი, ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების გადაცემა რუსთავის პოლიციის თანამშრომლებისთვისაც იგეგმება.