თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ნორიოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის" კულმინაციური სწავლება ჩატარდა. იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები, რომელსაც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ საერთო საჯარისო ცენტრში უმასპინძლა, 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 4 ფაზას მოიცავდა.
პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული მომზადება გაიარეს, შემდეგი სამი ფაზა კი საველე ოპერაციების შესრულებას დაეთმო.
წვრთნის შემაჯამებელ ნაწილში ოცეულის მიერ დაგეგმილი შეტევა განხორციელდა, რომელშიც მოწინააღმდეგე ჯგუფი მონაწილეობდა. საველე სწავლება ფუჭი ვაზნებითა და საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით ჩატარდა, იუწყება პრეს-სამსახური.
კურსი, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოფიცრები და სერჟანტები მონაწილეობდნენ, ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის (BMATT) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
სწავლების მიზანს უმცროს ოფიცერთა და სერჟანტთა რგოლის გადამზადება და მათი ლიდერული თვისებების დახვეწა წარმოადგენდა.
წყარო - თავდაცვის სამინისტრო