თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ადამიანებში მაიმუნის ყვავილის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 92-მდე გაიზარდა, გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
მაიმუნის ყვავილის სიმპტომები რამდენიმე კვირაში ქრება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო გართულებები და სიკვდილიც კი. ადამიანის ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია რიგ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და ესპანეთში.
ჯანმომ მიიღო ინფორმაცია ინფიცირების შემთხვევების შესახებ ორგანიზაციის 12 არაენდემური წევრი ქვეყნიდან და კიდევ 28 შემთხვევა გამოძიების პროცესშია.
„დღეისათვის ამ დაავადებასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის შემთხვევები არ უკავშირდება ენდემურ ადგილებში მოგზაურობას. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევები ძირითადად გამოვლინდა მამაკაცებში, რომლებსაც მამაკაცებთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ.
პორტუგალიაში აღებული ნიმუშის გენომის თანმიმდევრობამ ასევე აჩვენა ამჟამინდელი აფეთქების გამომწვევი მაიმუნის ყვავილის ვირუსის მჭიდრო კავშირი 2018 და 2019 წლებში დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და სინგაპურში ნიგერიიდან იმპორტირებულ შემთხვევებთან.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი. ინფექცია, ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობას ის ადვილად გადააქვს რამდენიმე კვირაში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მას გართულებებიც მოჰყვება.