თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში (WEF) მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მუშაობას დავოსში კვირას დაიწყებს, კორონავირუსის პანდემიის გამო ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა ოფლაინ-ფორმატში 2020 წლის იანვრიდან არ გამართულა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 22-26 მაისს გაიმართება. დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებს ორი ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 50 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური.
WEF-ის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის თქმით, დავოსში მაისის შეხვედრა არის პირველი სამიტი, სადაც მსოფლიო ლიდერები შეხვდებიან ახალ რეალობაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიისა და უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შედეგად მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებით ხასიათდება. დავოსის ფორუმის პრიორიტეტულ საკითხებს შორის ასევე არის გლობალური და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლა, ინოვაციები სხვადასხვა დარგში და კიბერუსაფრთხოება.