თბილისი, 21 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულ 16 პირს პატიმრობა შეუფარდა.
16-დან შვიდ პირს ბრალი ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობა, სამს - „კანონიერი ქურდობა“, ხუთს - კანონიერი ქურდისთვის მიმართვა და ქურდული გარჩევის განხორციელება, ერთს - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.
საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ ქურდული სამყაროს წევრები და მისი მხარდამჭერები ფინანსური დავების მოსაგვარებლად უკავშირდებოდნენ უცხოეთში მყოფ კანონიერ ქურდებს და ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.
ასევე, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, ბრალდებულები იღებდნენ გადაწყვეტილებებს როგორც თავიანთ სასარგებლოდ, ისე მოდავე მხარეებს შორის თანხის დაკისრების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით კი ე.წ. საჯარიმო თანხებს ითხოვდნენ.
აღკვეთის ღონისძიების სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალის სიმძიმე და მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები.