შიდა ქართლის რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა

ვალერიან მჭედლიძე რეგიონის რწმუნებულის თანამდებობაზე 2021 წლის ივნისში დაინიშნა.
Sputnik
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძე პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.
მჭედლიძის განცხადებით, ის რჩება საჯარო სამსახურში გარემოს დაცვის მიმართულებით. საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი. პოლიტიკური თანამდებობები მოითხოვს ცვალებადობას და შეცვლას. შესაბამისად, ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებით, გადავდივარ გარემოს დაცვის მიმართულებით და ვრჩები გუნდში, ვარ აქტიური მხარდამჭერი“, - განაცხადა მჭედლიძემ.

ვალერიან მჭედლიძე რეგიონის რწმუნებულის თანამდებობაზე 2021 წლის ივნისში დაინიშნა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს შიდა ქართლის რწმუნებულის პოსტს, მანამდე კი მის მოვალეობებს პირველი მოადგილე სიმონ გულედანი შეასრულებს.
შიდა ქართლის რეგიონი მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.
წყარო - „პირველი არხი“