საქართველოში „სისხლის დონორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

სისხლის წარმოების და დონაციის სისტემა სრულად გათავისუფლება კომერციული ინტერესებიდან, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
Sputnik
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს თავდაცვისა და უშიშროების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
საქართველოში დონორობის ძირითადი პრინციპი ნებაყოფლობაა. დონორი შეიძლება გახდეს 18-დან 65 წლამდე ასაკის ნებისმიერი მოქალაქე, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და არ გააჩნია დონორობის უკუჩვენება. სისხლის გაღება შესაძლებელია უანგაროდ, ასევე ანაზღაურების სანაცვლოდ, ასევე საკუთარი სისხლის შენახვის მიზნით.
„კანონპროექტის მომზადება მოტივირებულია იმ გარემოებებით, რომ ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოების სისტემა ძირეულ განახლებას საჭიროებს. ეს ვალდებულება ასევე განსაზღვრულია საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
როგორ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მოქმედი კანონი, რომელიც სისხლის კომპონენტების და დონორობის საკითხებს არეგულირებს, 1995 წელს არის მიღებული და ბუნებრივია, მთელი რიგი ასპექტები განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის უსაფრთხოების სისტემა შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულ დირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
კანონპროექტის მიღების შედეგად ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მოწესრიგდება სისხლის დონორობის უფლებასთან და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები, რეციპიენტის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანო.
თამარ გაბუნიას განცხადებით, სისხლის წარმოების და დონაციის სისტემა სრულად გათავისუფლება კომერციული ინტერესებიდან. ამისთვის, სისხლის დაწესებულება მხოლოდ არასამეწარმეო, არაკომერციული პირის სტატუსით იფუნქციონირებს, მაშინ როდესაც დღეის მდგომარეობით ე.წ. სისხლის ბანკების უმრავლესობა კერძო დაწესებულებებია.
„დონაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ანაზღაურების გარეშე და ანონიმური და ეს ძირითადი პრინციპი გასდევს კანონპროექტს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომიტეტის წევრების უმრავლესობამ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.