საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების მუზეუმის ფონდების შევსებას განაგრძობს

უწყებამ მუზეუმის ფონდების შევსება 30-წლიანი წყვეტის შემდეგ 2021 წელს დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტრო სამუზეუმო ფონდების შევსებას აგრძელებს.
2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, კულტურის სამინისტრომ 100 მხატვრის 677 ნამუშევარი შეიძინა. შეძენილ ნამუშევრებს შორის 153 ფერწერა და 524 გრაფიკაა.
„2021 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა გამორჩეულ შემოქმედთა ნამუშევრები, ვისი ნახატებიც აქამდე საერთოდ არ იყო, ან არასაკმარისად იყო წარმოდგენილი ფონდებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, შეძენილი კოლექცია წარმოადგენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების სურათს - 1960-70-იანელთა თაობის ქართული გრაფიკის ახალ კოლექციას, 1980-90-იანელთა თაობის მხატვრების ფერწერულ ნამუშევრებს, ასევე, ნონკონფორმისტი მხატვრების ნამუშევრებს.
ასევე, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის კოლექცია, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გადანაწილდა.
კულტურის სამინისტრომ მუზეუმის ფონდების შევსება 30-წლიანი წყვეტის შემდეგ 2021 წელს დაიწყო. აღნიშნულია, რომ სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო პროექტის „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება" ფარგლებში.