პრემიერ-მინისტრმა ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა

ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„ნამდვილად ვერ შევალ დეტალებში და ვერ გავაკეთებ კომენტარს ბატონი გვარამიას შესახებ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს. ასეთია მოწყობა ნებისმიერი თანამედროვე, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ ცივილიზებული, თანამედროვე დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, გვარამიას საქმის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა.
„დღეს რეალურად გვაქვს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, „სრული და ობიექტური გამოძიების შედეგად მიიღეს უტყუარი მტკიცებულებები“, რომ 2015–2019 წლებში ტელეარხის ხელმძღვანელებმა, მათ შორის გვარამიამ, სხვადასხვა სიმძიმის რიგი დანაშაულები ჩაიდინეს.
გამოძიებით დადგენილი ფაქტებით, გვარამიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საეთერო დროის გაყიდვის შესახებ ახალ და სრულიად გამოუცდელ კომპანიასთან „ინტერ მედია პლუსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვარამიას ახლობელია.
მას შემდეგ, რაც ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანიის აქციების გამო, „რუსთავი 2“ გვარამიას ხელმძღვანელობით აღარ იხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულს გაყიდული რეკლამისთვის. ეს სახსრები რჩებოდა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რამაც „რუსთავი 2“-ს არსებითი ზარალი მიაყენა.