მაიმუნის ყვავილის აფეთქება: ჯანმო ექსპერტებს იწვევს

Sputnik
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ყვავილის აფეთქების საკითხზე ექსპერტების საგანგებო შეხვედრას გამართავს, წერს გაზეთი Telegraph.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი. ინფექცია, ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობას ის ადვილად გადააქვს რამდენიმე კვირაში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მას გართულებებიც მოჰყვება.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იწვევს წამყვანი ექსპერტების გუნდს საგანგებო შეხვედრაზე, რათა განიხილონ მიმდინარე აფეთქება“, – წერს გაზეთი.
შეხვედრის მთავარი თემები იქნება დაავადების გადაცემის გზები, მისი გავრცელება ბისექსუალებსა და გეებში, ასევე ვაქცინებთან დაკავშირებული სიტუაცია.
მაიმუნის ყვავილი უკვე გამოვლენილია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, გერმანიაში, იტალიაში, ავსტრალიასა და კანადაში.
ესპანეთში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. თითქმის ყველა დაავადებული დაახლოებით 35 წლის მამაკაცია, რომლებიც, სავარაუდოდ, სხვა მამაკაცებთან სქესობრივი კონტაქტის შედეგად დაინფიცირდნენ.
მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევების გამოვლენისთანავე ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სანიტარული განგაშის რეჟიმი დააწესეს.
საწყის ეტაპზე ვირუსი სიცხეს, თავისა და კუნთების ტკივილს, ასევე დაღლილობას და ლიმფური კვანძების შესიებას იწვევს, შემდეგ კი სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს.