IDS Borjomi-ს გადაცემა უახლოეს პერიოდში დასრულდება - პრემიერმა დავალება გასცა

აპრილის მიწურულს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.
Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მთავრობისთვის კომპანია IDS Borjomi International-ის გადაცემა უმოკლეს ვადებში უნდა დასრულდეს. ასეთი დავალება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს.
კომპანიამ IDS Borjomi Georgia 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. კომპანიაში აღნიშნეს, რომ თუ მთავრობა ამას დათანხმდება, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება განახლდება.
„პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი“, – ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად 49 ადამიანი გაათავისუფლეს.
საქართველოს მთავრობა IDS Borjomi-ს წინადადებას სწავლობს>>
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.