სუმო: ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება და დადებითი ბალანსი მაისის ბაშოზე

მიმდინარე ბაშოზე ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 4 მარცხია. ტოჩინოშინი შემდეგ ორთაბრძოლას კირიბაიამასთან გამართავს.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ მაისის ბაშოზე მე-8 გამარჯვება მოიპოვა და მიმდინარე სუპერტურნირზე დადებითი ბალანსი უკვე დააფიქსირა.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის მე-12 დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც მე-9 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მიოგირიუს დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა მძლავრი შეჯახების შემდეგ მოწინააღმდეგე დოჰიოდან გადაიყვანა და აქტივში მე-8 გამარჯვება ჩაიწერა.
34 წლის ქართველ სუმოისტს მიმდინარე ბაშოზე 8 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ კირიბაიამას წინააღმდეგ ჩაატარებს. მოსალოდნელია, რომ დადებითი ბალანსის დაფიქსირებით ბაშოს დასრულების შემდეგ ტოჩინოშინი წოდებაში დაწინაურდება.
ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო ზედიზედ 3 წაგებით დაიწყო, მაგრამ უკანასკნელი 9 შერკინებიდან 8 შემთხვევაში გაიმარჯვა.