თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ორფოლოს პოლიგონზე გენერალური შტაბისა და დასავლეთის სარდლობის ორგანიზებით სწავლება „გელათი 2022“ მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
სწავლების მიზანი ბრიგადის შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მართვისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესებაა.
წვრთნებში მონაწილეობენ დასავლეთის სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის, სამხედრო პოლიციის ბატალიონის და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფები, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“. თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე
„მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ქვედანაყოფს მხარს უჭერდნენ ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საინჟინრო, მექანიზირებული, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები“, – ნათქვამია განცხადებაში.
სწავლებაში მონაწილეობდა ასევე თავდაცვის ძალების კუთვნილი საჰაერო საფრენი საშუალებები – „მი-24“ და „იროკეზის“ (UH1) ტიპის ვერტმფრენები.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“ საველე კომპონენტის გამოყენებით (CPX/CAX/LIVEX) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დაკვეთით და გენერალური შტაბის, დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ტარდება.
სწავლების ყველა ფაზაში ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლებების სახელმძღვანელოს დირექტივები გამოიყენება.
ტაქტიკური დონის სწავლება თეორიული და კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერით (CAX) სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში, ხოლო ძალების მიზიდვით ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 20 მაისს დასრულდება.
ოპოზიციურმა ტელეარხებმა ოთხშაბათს გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანდა ვერტმფრენები გორის მახლობლად, და გამოთქვეს მოსაზრება, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე დაირღვა. საპასუხოდ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას და ისინი მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“.