თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო კონსერვატორიაში პიანისტ ალექსანდრე (ლექსო) თორაძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მსოფლიოში აღიარებული ვირტუოზი პიანისტი ლექსო თორაძე აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 30 მაისს იგი 70 წლის გახდებოდა.
ლექსო თორაძის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა. ვირტუოზი პიანისტი უკანასკნელ გზაზე დღეს გააცილეს. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
მთავრობის მეთაურმა პიანისტის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა მწუხარება მისი გარდაცვალების გამო.
ქართველი პიანისტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს ამერიკის საელჩოშიც. როგორც სამძიმრის წერილშია ნათქვამი, ლექსო თორაძე მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს დააკლდება.
„დღეს ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე (ლექსო) თორაძეს. მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში 1952 წლის 30 მაისს კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. პირველად ცხრა წლის ასაკში დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ლექსო თორაძე ჩაირიცხა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1970-1975 წლებში სწავლობდა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა.
1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა; 1975 წელს იტალიაში კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – II პრემია.
თორაძეს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ის გამოდიოდა ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან ორკესტრებთან, ასევე BBC-ს, ბერლინის, ისრაელის, ლა სკალას ფილარმონიულ ორკესტრებთან, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან, მარიინსკის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან, საფრანგეთის ნაციონალურ ორკესტრთან და სხვ.
1983 წლიდან მუსიკოსი აშშ-ში ცხოვრობდა და ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი აღიარებულია როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი.
1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა. ამ ცენტრში თავიანთ ოსტატობას სრულყოფენ ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტები საქართველოდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
2005 წელს პიანისტი და მისი აღზრდილები საკონცერტო გასტროლებით საქართველოსაც ეწვივნენ.