თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO-2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა, რომელზეც ქართულმა კომპანიებმა სხვადასხვა სახის პროდუქცია წარადგინეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
CASPIAN AGRO – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას 24 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.
CASPIAN AGRO-ს ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.
გამოფენაზე, რომელიც 18-20 მაისის პერიოდში იმართება, საკუთარი პროდუქცია წარადგინეს ქართულმა კომპანიებმა: შპს ქართული აგროპროდუქტი, შპს ინვეტი, შპს ბადაგი+, შპს რუხი ქვინი, შპს ბლუბერი ფარმი, შპს ჯეონატურალსი, შპს ხილარი, შპს ბენჯი, შპს მომავლის მეღვინეობა, შპს FOODOLIZ, შპს ჩირიფრუტი, შპს კამპა, შპს MOTION TECHNOLOGY და ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარდგენილი იყო ქართული ალკოჰოლური სასმელები, კაკალი, მშრალი ხილი, ორგანული წვენები, თაფლი, სხვადასხვა სახის კონსერვები, ცხოველთა კომბინირებული საკვები და სხვ.
ქართული სტენდი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმაც დაათვალიერა, რომელმაც ქართველ მეწარმეებს წარმატება უსურვა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ქართული მხრიდან გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.
„ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა კომპანიებმა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღეს. ვფიქრობ, გამოფენა იძლევა შესაძლებლობას, ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის არეალი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
როგორც ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სახელმწიფოს მიერ გამოფენებში ქართველი მეწარმეების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.