აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ბაქოში გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს მხარი დაუჭირა

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართველი მეწარმეები მონაწილეობენ ბაქოში გახსნილ საერთაშორისო აგრო-სამრეწველო გამოფენაში CASPIAN AGRO, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე.
CASPIAN AGRO კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. გამოფენის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.
საქართველო ბაქოს საერთაშორისო აგროინდუსტრიულ გამოფენაზე CASPIAN AGRO
სამდღიან გამოფენაზე საქართველო ცალკე სტენდით არის წარმოდგენილი. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.

„უკვე წლებია, რაც აზერბაიჯანი ჩვენი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენს სამინისტროებს ცენტრალურ დონეზე ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. გამოფენის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა, რაც სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, რომ აზერბაიჯანულ ბაზარზე უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი“, – აღნიშნა გიორგი სურმანიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ასეთი მასშტაბის გამოფენები ქართველი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.
ქართული სტენდი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმაც დაათვალიერა, რომელმაც ქართველ მეწარმეებს წარმატება უსურვა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქართველო ბაქოში გამართულ საერთაშორისო აგროინდუსტრიულ გამოფენაზე CASPIAN AGRO
გამოფენას CASPIAN AGRO ყოველწლიურად 12 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას 24 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. გამოფენა 20 მაისს დასრულდება.