წულუკიანი: გვარამიას „რუსთავი 2“-ის გაკოტრება სურდა

გვარამია, როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, დაკავებული იყო კომპანიის სახსრების სწრაფი ტემპით „გადაქაჩვით“ მის მიერვე დაარსებულ კერძო კომპანიაში, განაცხადა წულუკიანმა.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მთავარი მიზანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითადა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

„მისი მთავარი მიზანი იყო სისწრაფე და საუკეთესო შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის გაკოტრება, რომ აზრი აღარ ჰქონოდა ამ კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას. მან ეს ბოლომდე ვერ შეძლო, მაგრამ შეძლო ის, რომ 7 მილიონ ლარამდე ქონებრივი უფლებები გაფლანგა მის მიერვე დაფუძნებული კომპანიის და მისივე პირადი ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, გვარამია, როგორც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი, დაკავებული იყო კომპანიის კუთვნილი თანხების სწრაფი ტემპით „გადაქაჩვით“ მის მიერვე დაფუძნებულ კერძო კომპანიაში. ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც ტელეკომპანიის დაბრუნება სასამართლოს გზით მისმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დააპირა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. მას აქვს კონსტიტუციური უფლება და გამოიყენებს კიდეც, რომ ეს განაჩენი გაასაჩივროს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
თუ ვინმე არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, შეუძლია გაასაჩივროს, ხოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია, განაცხადა ამავე თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

„ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლებრივ სახელმწიფოში არსებულ წესებს, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არავის უხარია, როდესაც ადამიანი შესაძლებელია დაექვემდებაროს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა როდესაც კონკრეტული პირი სჩადის შესაბამის ქმედებას, მას უნდა ჰქონდეს კანონით გათვალისწინებული რეაგირების მოლოდინი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეარხ „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზიანის მიყენების თაობაზე საქმის განხილვა დაასრულა. აღნიშნულ საქმეზე ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.