თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი აქციები მიმდინარეობს

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ნიკა გვარამიას – ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ოპოზიციური მედიის, საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სოლიდარობის ნიშნად თბილისისა და ბათუმის ცენტრში მსვლელობები მოაწყვეს.
საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების აქცია. მსვლელობა რუსთაველის გამზირზე 2022 წლის 18 მაისს
მსვლელობის მონაწილეებმა ქალაქების ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. ბათუმში მსვლელობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობამდე უნდა გაგრძელდეს. თბილისში მსვლელობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე პარლამენტის შენობამდე გაივლის.
საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების აქცია. მსვლელობა რუსთაველის გამზირზე 2022 წლის 18 მაისს
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით: „სოლიდარობა მთავარ არხს“, „არ დაგითმობთ მედიას“, „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“, „თავისუფლება ნიკას“.
საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების აქცია. მსვლელობა რუსთაველის გამზირზე 2022 წლის 18 მაისს
ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.