კახეთში „სუფთა რეგიონის“ სტატუსი მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს

კონკურსი „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ღონისძიება მეექვსედ გაიმართა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თელავში „სუფთა რეგიონის“ სტატუსის მიღება დღეს მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს.
მიმდინარე წლის 13 მაისს თბილისის საკრებულოში, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონკურსზე ზედიზედ მეოთხედ კახეთს „სუფთა რეგიონის“ სტატუსი მიენიჭა. ამავე კონკურსის ფარგლებში ნომინაციაში „სუფთა ქალაქი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა. გარდა ამისა, კონკურსის კომისიის გადაწყვეტილებით, ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩას გადაეცა სიგელი „სუფთა/ლამაზი ქუჩა“.

„მოდის ტურისტული სეზონი და კახეთი მოწოდების სიმაღლეზე დახვდება რეგიონში ჩამოსულ ვიზიტორებს. „სუფთა რეგიონის“ სტატუსი კი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ რეგიონი ყოველწლიურად კიდევ უფრო სუფთა და მიმზიდველი გავხადოთ. მადლობას ვუხდი თითოეულ მეეზოვეს, რომელიც ჩვენი რეგიონის სისუფთავის შენარჩუნებისთვის ერთგულად ასრულებს თავის საქმეს", – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილმა.

ირაკლი შიოშვილმა და კახეთის მუნიციპალიტეტების მერებმა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურების მოწვეულ წარმომადგენლებს „სუფთა რეგიონის“ სტატუსი პირადად მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს, ხოლო მეეზოვე ქალბატონებს თაიგულები მიართვეს.
„თითოეული თქვენგანის დამსახურებაა კახეთისთვის „სუფთა რეგიონის“ სტატუსის მინიჭება ზედიზედ მეოთხედ. ეს ჯილდო ეკუთვნის თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავს ჩვენს რეგიონში ჯანსაღი, სუფთა გარემოს შექმნაზე“, – განაცხადა შიოშვილმა.
თელავში ღონისძიება კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზით კახეთი“ მხარდაჭერით ჩატარდა.
მიმდინარე წელს კონკურსი „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ღონისძიება მეექვსედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ კონკურსის ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარედგინათ.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, დაჯილდოვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი („სუფთა მუნიციპალიტეტი“), დაბა მესტია („სუფთა დაბა“), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭკადუაში ( „სუფთა სოფელი“) და სხვ.
კონკურსის მიზანი საქართველოს ყველაზე სუფთა რეგიონის, ქალაქის, რაიონის, სოფლის, ქუჩის, ასევე ყველაზე ლამაზი ეზოსა და აივნის გამოვლენაა.