„ხალხს ნუ შევაშინებთ“ - ამირან გამყრელიძე ბავშვებში გავრცელებულ ახალ ჰეპატიტზე

ახალმა დაავადებამ მთელი მსოფლიოს ექიმები და სპეციალისტები შეაშინა, შიში საქართველოშიც გაჩნდა.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. არატიპიური ჰეპატიტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებში გამოვლინდა, საყურადღებოა, მაგრამ საპანიკო არაფერია. ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალი ვირუსის გამოჩენას, რომელიც ზოგ შემთხვევაში ღვიძლს აზიანებს.
2021 წლის ოქტომბერში ბავშვებში გაურკვეველი წარმომავლობის მძიმე ჰეპატიტის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთში. იყო დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევები, როცა ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ, რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. ეს ვირუსი საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა.

„საქმე გვაქვს ბავშვებში არატიპურ ჰეპატიტთან, საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყნის კლინიკებმა სარეკომენდაციო წერილები უკვე მიიღეს და მონიტორინგს ახორციელებენ. საეჭვო ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში კლინიკებიდან მასალები შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეცემა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.
„როგორც ამბობენ, მას იწვევს ადენოვირუსი. ეს არ არის არც A და არც B ჰეპატიტი, „დელტა“ და სხვა. სხვა გენეზისის არის. ასევე არის შემთხვევა, როდესაც რთულად განვითარდა. ზედამხედველობას ვამყარებთ ამ ტიპის ჰეპატიტებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
უცნობი წარმომავლობის მწვავე ჰეპატიტი 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოვლინდა. დარეგისტრირდა სულ ცოტა 450 შემთხვევა. ძირითადად ვირუსი გვხვდება ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მაგრამ შემთხვევები 16 წლამდე ასაკის მოზარდებშიც დაფიქსირდა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ახალი ტიპის ჰეპატიტის აფეთქება. თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთის მიხედვით, ახალ ჰეპატიტს მუტაციური ადენოვირუსი იწვევს, რომელიც აქამდე ღვიძლისთვის სახიფათოდ არ მიიჩნეოდა, მაგრამ მუტაციის შემდეგ დაიწყო ამ ორგანოს დაზიანება.
ასევე არსებობს ვერსია, რომ კორონავირუსმა გარკვეული როლი ითამაშა და დაავადება განვითარდა ინფექციის შედეგად, რომელმაც შეცვალა ორგანიზმის იმუნური რეაქცია და ამ ფონზე ადენოვირუსმა ღვიძლი დააზიანა. სპეციალისტები აგრძელებენ ამ შემთხვევების შესწავლას და მონიტორინგს.
ივანე ჩხაიძე: უცნობი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა >>
დიდი ბრიტანეთში სპეციალისტების გუნდმა შესაძლო ფაქტორებს შორის დაასახელა ადრეული ასაკის ბავშვების ადენოვირუსული ინფექციის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, რომელიც COVID-19 პანდემიის დროს ადენოვირუსების ცირკულირების დაბალი დონის გამო გაჩნდა, ან ახალი ადენოვირუსის პოტენციური გაჩენა, ან ადენოვირუსისა და SARS-CoV-2 ვირუსის კომბინაცია. ეს ჰიპოთეზები შემდგომ შესწავლას საჭიროებს.
ახალი მწვავე ჰეპატიტის მქონე პაციენტებში აღინიშნა უმადობა, თვალების სიყვითლე, ძლიერი სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, ცნობიერების დაბინდვა და სხვა სიმპტომები. კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადება იწყება გაციების ჩვეულებრივი სიმპტომებით.
მწვავე ჰეპატიტი არის ღვიძლის მწვავე ანთება. ის შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური ფაქტორებით. არსებობს მწვავე ვირუსული ჰეპატიტის სამი ძირითადი ტიპი: ჰეპატიტი A, B და C. ვირუსული ჰეპატიტები D და E ნაკლებად გავრცელებულია.