თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი–აპრილში საერთაშორისო ვიზიტორებისგან საქართველოს შემოსავალმა 582 მლნ დოლარი შეადგინა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ტურიზმის სფერო კოროვირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.
„2022 წელს ჩვენ ვგეგმავდით ტურიზმის შემოსავლების 70%-იან აღდგენას. დღევანდელი მონაცემებით კი ტურიზმი დაახლოებით 69%-ით არის აღდგენილი. ეს იანვარი–აპრილის მონაცემებია. ჩვენ უკვე მივიღეთ დაახლოებით 582 მლნ დოლარი შემოსავალი“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ დარგი ახლებურად ყალიბდება. კერძოდ, ტურიზმში გრძელვადიანი ვიზიტების რაოდენობა იზრდება.
„შესაბამისად, შემოსავლების უკეთესად აღდგენა ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები წლის ბოლომდე შევასრულოთ“, – აღნიშნა მან.
დავითაშვილმა ასევე ხაზგასმით ისაუბრა 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 52%-ით აღდგენაზე. მისი თქმით, ტურისტებში საქართველოსადმი ინტერესი და მიზიდულობა დიდია.
მინისტრის ინფორმაციით, მაისში სხვადასხვა მიმართულებით 400-მდე ფრენაა დაგეგმილი.
„ამ კვირაში ჩვენ გვექნება ძალზე საინტერესო სიახლეები ტურიზმის მიმართულებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის იანვარი–აპრილში საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 272,3%-ით გაიზარდა.
საქართველომ წლის დასაწყისიდან ოთხი თვის მანძილზე 820,8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო – პანდემიამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით 63,8%-ით ნაკლები.
2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა და მხოლოდ 427,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური), მაშინ, როცა 2019 წელს რეკორდი დაფიქსირდა, როდესაც 9,3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური იყო, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 1,2 მილიარდი დოლარი მიიღო. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ მისი აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.