თბილისი, 16 მაისი – Sputnik. თურქეთი მხარს არ დაუჭერს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ ვერ ვიტყვით „კის“. რადგან მაშინ ნატო აღარ იქნება უსაფრთხოების ორგანიზაცია და გახდება ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების კონცენტრაციის ადგილი“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანის თქმით, ფინეთის და შვედეთის დელეგაციები ესტუმრებიან თურქეთს ვიზიტით, რათა ნატოში მათი შესვლის პროცესი განიხილონ, მაგრამ ეს ანკარის პოზიციას ვერ შეცვლის.
„ისინი ორშაბათს თურქეთში მოდიან. ჩვენს დასარწმუნებლად მოდიან? ნუ ეწყინებათ, მაგრამ თავს ნუ შეიწუხებენ. თურქეთი არ იტყვის უსაფრთხოების ორგანიზაციაში იმ ქვეყნების გაწევრიანებაზე „კის“, ვინც ჩვენ ქვეყანას სანქციებს უწესებს. ერთ და იგივე შეცდომას აღარ გავიმეორებთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მანამდე ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ პროცესს აკვირდება, მაგრამ ანკარას არ შეუძლია ამას დადებითად შეხედოს. თურქეთის ხელისუფლებამ შვედეთი და ფინეთი „ტერორისტების" მფარველობასა და მათთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.