ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატებზე უარის თქმაში აზრს ვერ ხედავს

პარლამენტიდან ოპოზიციის ჰიპოთეტური წასვლა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე იმოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა არ შეიძლება.
ქართული საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის.

„მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილება არ არის მიღებული, უცებ მანდატები გადავყაროთ ქუჩაში და შემდეგ ტალახში ვიგოროთ, გამოსავალი არ მგონია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამ დროისათვის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 150-დან 84 მანდატი აქვს. ოპოზიციის წასვლა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე აისახება, დანარჩენ საკითხებზე პარლამენტი გადაწყვეტილებას ადვილად მიიღებს, მაშინაც კი, თუ ოპოზიციის ყველა წევრი დათმობს მანდატს.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის შემცირებას ეხება, ოპოზიციის, განსაკუთრებით კი მცირე პარტიების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
კონსტიტუციის მოქმედი ვერსიის მიხედვით, 2024 წელს პარლამენტში ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მოიპოვებენ. ოპოზიცია ამ ბარიერის 2%-მდე დაწევას მოითხოვს.