თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას საქმიანობა საზოგადოებას იმით დაამახსოვრდება, რომ ის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავგადაკლული ფანია, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ცაგარეიშვილმა.
უფრო ადრე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლომჯარიას „ომის პარტიის“ წარმომადგენელი უწოდა. ასე უწოდებენ მმართველ პარტიაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის დამაარსებელიც მიხეილ სააკაშვილია.
„მახსოვს ბევრი სახალხო დამცველი. რამდენიმე მათგანი საქართველოს ისტორიაში შევიდა გაბედული ქმედებით, საზოგადოებისა და ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული გაბედული შეტყობინებებით... ქალბატონი ლომჯარია რომ წავა თანამდებობიდან, რით უნდა დაამახსოვრდეს საზოგადოებას მისი მგზნებარე, ძლევამოსილი და მჩქეფარე კარიერა? იმით, რომ თავგადაკლული ფანი იყო მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“?“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ლომჯარიას საქმიანობა ცოტა ხნის წინ ქართველი უფლებადამცველების ერთმა ნაწილმაც გააკრიტიკა. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველს ქვეყნის მოსახლეობის სულ ცოტა 90% არ ენდობა მისი მიკერძოებული პოლიტიკის გამო.
მისი თქმით, ლომჯარია ყოველთვის მხარს უჭერს მოთხოვნებს, რომლებსაც ოპოზიცია აყენებს. სახალხო დამცველის ბრძოლა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის კი ერთადერთ მიზანს ემსახურება – დესტაბილიზაციას ქვეყანაში და სახელმწიფოს ომში ჩაბმის სურვილს, აღნიშნა კაკაბაძემ.
სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას მისი პოზიციის გამო – არ დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში ჯარის შეყვანის გამო. მმართველი პარტია გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ სანქციებისგან დაზარალდება თავად საქართველო, ხოლო ოპოზიციონერებს ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.
კაკაბაძის თქმით, ლომჯარიას აქვს დავალება, ხელი შეუწყოს სააკაშვილის გათავისუფლებას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, 12 მაისს გადაიყვანეს. ამას წინ უძღოდა ის, რომ ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უტარდება სათანადო მკურნალობა და რომ იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გაგზავნა სამკურნალოდ.
სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილი ამჟამად კატაბოლურ მდგომარეობაშია. ცილოვანი შიმშილის ფონზე ექს-პრეზიდენტს კუნთოვანი მასა დაუქვეითდა და დასუსტდა. მიზეზი, ექიმების აზრით, შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.
იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად ამძიმებს თავის მდგომარეობას, რადგან უარს ამბობს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებაზე. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.