თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ბოლნისის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის „ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა.
„ევროპის წლის მუზეუმის“ პრემია (EMYA) 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით დაფუძნდა. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.
„ევროპის წლის მუზეუმის“ ჯილდო ხაზს უსვამს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას. კონკურსში მონაწილეობა ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შეუძლია.
ბოლნისის მუზეუმი
© Courtesy of Georgian National Museum
წელს ევროპის მუზეუმის კონკურსის (EMYA 2022) დაჯილდოების ცერემონია 7 მაისს ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა. იქ ბოლნისის მუზეუმს გადაეცა დიპლომი – „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.
მუზეუმში აღნიშნავენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული კულტურის დაწესებულებების აღიარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.
საქართველომ კონკურსში მონაწილეობა პირველად 2016 წელს მიიღო. მაშინ კონკურში წარდგენილი იყო სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, რომელიც ევროპის საუკეთესო მუზეუმების კანდიდატთა შორის იყო ნომინირებული.