ალან გაგლოევისადმი პატრიარქ კირილის წერილს საქართველოს საპატრიარქოში გაუგებრობა უწოდეს

როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ცხინვალის რეგიონში მოქმედ ადმინისტრაციას საერთაშორისო საზოგადოება საოკუპაციო რეჟიმად მიიჩნევს.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის მისალოცი წერილი გაუგებრობას ბადებს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
8 მაისს ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც გაიმარჯვა ალან გაგლოევმა. ჯერ კიდევ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც არჩევნებში დამარცხდა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 2022 წლის 17 ივლისს რუსეთთან გაერთიანების საკითხის შესახებ რეფერენდუმი დანიშნა.

„მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგანაც რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ცხინვალის რეგიონში მოქმედ ადმინისტრაციას საერთაშორისო საზოგადოება საოკუპაციო რეჟიმად მიიჩნევს.
ქართული ეკლესია სინანულით აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მართლმადიდებლური ეკლესიების ერთიანობაზე.
„სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევისადმი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მისალოცი წერილი საპატრიარქოს ვებ-გვერდზე 13 მაისს გამოქვეყნდა.